ლიტერატურა სიახლეები

ზაზა ბურჭულაძის სიმღერა მუსიკასა და სიკვდილზე

„საბა“

აპრილი 28, 2025

ნომინაციამ არ მოგატყუოს, ჩემო მკითხველო, კი გახდა ზაზა ბურჭულაძის „ჩემი სიმღერა“ წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ დოკუმენტური პროზაა. უფრო რომანია, როგორც მის ავტორს შეეფერება ისეთი ჭეშმარიტად პოსტმოდერნული, ალაგ ბიოგრაფიული, ალაგ სოციალური, ალაგ ფსიქოლოგიური, ძალიან პოეტური და ზოგჯერ დეტექტიურიც კი- კი, კი, თუ იმ მუსიკოსებისა და კომპოზიციების კვალში მიდევნება გადაწყვიტე, რომელთაც ავტორი ახსენებს, დეტექტიურიც გამოგივა-ამოხსნა ტექსტი მუსიკის საშუალებით, რა უნდა იყოს ამაზე უფრო მეტად დეტექტიური?

რასაკვირველია, როდესაც ვკითხულობთ ზაზა ბურჭულაძის წიგნს ჯაზზე, აუცილებლად გვახსენდება 2003 წელს გამოცემული მისი რომანი „მინერალური ჯაზი“, პოსტმოდერნული რომანი თუ ანტირომანი რომანის წერის შეუძლებლობაზე, წიგნი, რომელიც არის წიგნზე, რომელიც არასდროს დაიწერება.  „ჩემი სიმღერა“ კი ნამდვილად გამოვიდა რომანი, არც მეტი და არც ნაკლები, ჯარეტზე, მუსიკოსზე, რომლის მუსიკა მწერლის ცხოვრების კინოს საუნდტრეკია, თანამდევი, ერთდროულად დაკავშირებული ძალიან პირად და, ამავე დროს, ძალიან საზოგადო ამბებთან, როგორიცაა, ათარბეგოვის ქუჩაზე ყაყაჩოს ხარშვა, უპასუხო სიყვარული, სამშობლო, ბავშვობა და პირველაღქმები, ადგილი, სადაც მუსიკა „მოიპოვება“, სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მშობლიური ქალაქი და 9 აპრილი:


„მაშინ ჩემში ეს ორი რამ შემოიჭრა ყველაზე მძაფრად: ჯერ – მუსიკა, მერე – სიკვდილი. თუმცა ბოლოს ის მუსიკაც სიკვდილის ჰიმნი აღმოჩნდა. ამ ორმა მე ძირეულად შემცვალა, უფრო ძლიერად მაშინ არაფერს შევურყევივარ. 9 აპრილის გახსენებისას ყველაფერი უცბად თავდაყირა დგება ხოლმე. მახსოვს როგორღაც ის ღამე, სოდიანი და მარილიანი წყლით დანამული მარლები რომ მოგვაჩეჩეს ხელში უცნობმა ახალგაზრდებმა, ორი ჯგუფი აქტიურობდა, ერთი სოდიან მარლას არიგებდა პირზე ასაფარებლად, მეორე – მარილიანს, ხალხში უცებ ხმა დაირხა, მომწამლავ გაზს გაუშვებენო. თითქოს ზე რამისგან დაგვიცავდა ის მარლა. როგორ უცბად დამთავრდა კარნავალი, ზეიმი წამში გადაიზარდა სიკვდილში“.

სიკვდილი და ზეიმი, მუსიკა და სიკვდილი, ეს სევდიანი დღესასწაული თავიდან ბოლომდე გამსჭვალავს წიგნს, ბალადაც ამიტომ ჰქვია, ამბის ეს უძველესი ფორმა ხომ სიყვარულის და სიკვდილის საგალობელია, უფრო მეორესი, ბალადაში შეიძლება არ იყოს სიყვარული, მაგრამ სიკვდილი აუცილებლად იქნება.

მთავარი პერსონაჟი, როგორც წესი, ზაზა ბურჭულაძის რომანებში ლირიკულ გმირად ამოიკითხება, მაგრამ თუ იმ პირველ ჯაზურ რომანში პერსონაჟი ისეთსავე ურბანულ ოდისეაშია, როგორც ვთქვათ, რომელიმე ლეოპოლდ ბლუმი, ანუ ფიზიკურად გადაადგილდება ქალაქში, ადამიანებსა და ენობრივ ნაკადებში, „ჩემი სიმღერა“ საკუთარ წარსულსა და მეხსიერებაში მუსიკის ძიებაა, ერთგვარი სტატიკური ოდისეა. თუ უფრო მეტად გავყვები ლიტერატურულ ასოციაციებს, ჯარეტი, რომელზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობს ავტორი, ერთგვარი ლიტერატურული თანამგზავრიც გამოდის, ის მარადიული, არქეტიპული „მეორე“, ვიღაცისთვის მეფისტოფელი, ვიღაცისთვის სანჩო პანსა, ვიღაცისთვის ვირგილიუსი, ის, ვინც ჯოჯოხეთს მოგატარებს და განსაწმენდელამდე მიგაღწევინებს.

ფოტო: Hermann Bredehorst

„არასდროს მავიწყდება ის ეფექტიც, ორმოცი წლის წინ რომ მოახდინა ჩემზე მისმა მუსიკამ. მხოლოდ დასაზუსტებელია, რომ ის მუსიკა მე კი არ მომიტანია დღემდე მრავალ განსაცდელში გამოტარების შემდეგ, პატარა ბავშვს რომ გაიყვანს მეხანძრე აალებული სახლიდან, არამედ პირიქით, მუსიკამ ამომათრია მე ჩემივე სხეულიდან და მომიყვანა აქამდე, შინაურ ცხოველს რომ წაიყვანენ კონტეინერით სადმე. ასე მოხდა. მე არ ამირჩევია, მე ამირჩიეს. აქ საუბარია არა ზოგადად მუსიკაზე, პირადად შენ რომ მოგყვება სულ, ჭირშიც და ლხინშიც, უფრო ისეთ რამეზე, რაც, მარტო შენ კი არ გცვლის, არამედ ცოტათი გარემოსაც ასხვაფერებს შენ გარშემო.“

მუსიკაზე დაწერილ რომანებს შორის პირველი კერუაკის „გზაზე“ მახსენდება, ერთი გრძელი, გაბმული გზა, სუნთქვა და ბგერა, ეს რომანი „ჩემი სიმღერის“ კითხვისასაც გამახსენდა, იქნებ იმიტომ, ეს ეს წიგნიც ოდისეაა, ოღონდ ერთ სივრცეში ვითარდება, ისევე, როგორც ჯორჯო დე კირიკოს „ულისეს დაბრუნებაში“, მთელი ოდისეა, ყველა ზღვა და თავგადასავალი ერთ ოთახში.

„მაშინ მუსიკა პირველად ვიგრძენი მთელი ჩემი არსებით. მოსმენისას ყველაფერი გაქრა მუსიკის გარდა. გაქრა ოთახიც, სადაც ვიდექი, და მეც იმ ოთახში, ბგერებიღა დარჩა, ბაგირზე რომ ხტოდნენ და ბრწყინავდნენ, როგორც კილიტები აკრობატის კოსტიუმზე, და არაფრით ცვიოდნენ მათ ქვეშ გაჭიმულ უფსკრულში, რომლის ფსკერზეც მე ვიჯექი. ან ეგებ მე მთელი უფსკრული მეგონა, მხოლოდ ჭური კი იყო?


ფორმაზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა, ჯაზზე დაწერილი ტექსტი რომ ჯაზურ იმპროვიზაციებს გაიმეორებს, ეს ჭეშმარიტება იქნებ ბანალურიც იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ ზაზა ბურჭულაძის ყველა ტექსტი ასეთია, „ვარდის სურნელიც“ ასეთი იყო, სიტყვებში სიტყვების ძიება, იმპროვიზაციები, თამაში,  ენობრივი ნაკადის მიყოლა,ზოგჯერ თვალდახუჭულიც. „ჩემი სიმღერაც“ ასეთია, ყველაზე უკეთ ნაწარმოების სტრუქტურას თავად ავტორი უპასუხებს მუსიკოსის დახასიათებით, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ბალადა-რომანის კონცეფციასაც:


„ხშირად ერთ ამბავშია, თითქოს მუსიკაში ეძებს სხვა მუსიკას, სადაც კიდევ სხვა მუსიკა ეგულება, და ასე უსასრულოდ, ქექავს და ქექავს, ცდილობს თემის მოხელთებას, ფრთხილად იწყებს, გეგონება, ბომბს განაღმავსო, და თითქოს ის-ისაა, უნდა მოიხელთოს კიდეც, მაგრამ ამაოდ, თემა თითებს შორის ქვიშასავით ეცლება. თითქოს ცდილობს, თვითონ სულ გაქრეს და მუსიკა დარჩეს. ანუ მუსიკაში გადავიდეს, გადაცხოვრდეს, გადაიზარდოს. ამ დროს თვითონაც წვალობს, შენც გაწვალებს. ეგაა, ამ ტანჯვებისას ისეთ სივრცეებში გაიჭრება ხოლმე ოხვრა-ვაებით, მარტო ამ ტანჯვებად ღირს ყველაფერი.“

და ბოლოს, არ მახსენდება ბოლო დროს წაკითხული პროზაული ტექსტი, რომელშიც ამდენი პოეზია ამოვიკითხე, ამდენი სრულყოფილი მეტაფორა. „უფრთხილდი მას, ვისაც მუსიკა არ უყვარს“ - გვაფრთხილებს ავტორი, მე კი დავამატებდი, უფრთხილდი პროზას, სადაც პოეზია არაა, უფრო ზუსტად „აქტი თანაკვდომისა“, როგორც ამ ბალადის ავტორი ამბობს.