ივნისი 27, 2025
ის მოედანზე უხილავი სცენის რეჟისორივითაა - პრინციპული, მტკიცე და გაწონასწორებული. მისი სიტყვები წესს ბადებს, მისი სიჩუმე - წესრიგს. დომინანტი ფიგურა, რომელიც არასდროს კარგავს გონიერებას და საკუთარი ინტელექტით მართავს ქაოსს.

ის უძღვება თამაშს და იცავს მის ღირსებასა და სილამაზეს. მოედანზე ბალანსი თითქოს მის ირგვლივ იკვრება. ის არის უბურთო მოთამაშე, მაგრამ თამაშს ყველაზე ძლიერად გრძნობს.
როცა ის რაგბიზე საუბრობს, სიტყვები ჩვეულებრივ საზღვრებს სცდება. მისთვის რაგბი მხოლოდ თამაში არ არის - ესაა სუნთქვა, რიტმი, სიყვარული, რომელსაც ბოლომდე გრძნობს და გიზიარებს.
ის რაგბიზე საუბრობს, როგორც იმედზე - როგორც მტკიცე ნდობაზე საკუთარი ძალისა და ოცნებების მიმართ. მთავარია, გჯეროდეს - სწორედ, აქედან იწყება ყველაზე დიდი მოგება.
ნიკა ამაშუკელი მის უდიდებულესობა - რაგბიზე გვიყვება.
კარი
ცხოვრებაში იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იღბალს გამოწვევა სჭირდება - მე ასე მჯერა.
პირველი კარი, რომელსაც „ვნების კარს“ დავარქმევ, ადამიანში მაშინ იღება, როცა იპოვი იმ საქმეს, რაც გულით გინდა და რომლის მიმართაც ვნება გაგიჩნდება. გამიმართლა, რომ ჩემთვის ეს კარი ჯერ კიდევ მაშინ გაიღო, როცა 11 წლის ვიყავი. კარის გაღების შემდეგ კი, იყო მანიფესტი იმ დოზით, რომ საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდი იქ, სადაც ყოველთვის ვოცნებობდი ყოფნას. ყველა ადამიანი იღბლიანია, ვინც იმას აკეთებს, რაც უყვარს.

როცა მსაჯი გავხდი, ვოცნებობდი, იქნებ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე წყლის შემტანად მაინც მოვხვდე-თქო. საბოლოოდ, წყლის შემტანად ვერა, მაგრამ პირდაპირ ეპიცენტრში აღმოვჩნდი, რამაც ჩემს მხრებზე, გულსა და გონებაზე გადაიარა. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია - უდიდესი მოვლენა იყო.
მსოფლიო თასამდე, ძალიან მძიმე მომზადება გავიარე და მეგონა, რომ მზად ვიყავი, მაგრამ ჩავედი და ადგილზე გავიაზრე, მართლაც რა არის სპორტული მასშტაბი, როცა მთელი მსოფლიო უყურებს შენს თითოეულ მოძრაობას და ამას გრძნობ მთელი სხეულით, სულითა და გონებით.
24 წლის ვიყავი, როცა პირველად ვიმსაჯე 20-წლამდელთა 6 ერი და ეს იმხელა ემოცია იყო, ცრემლები ვერ შევიკავე.
ორი წლის შემდეგ კი, დიდ 6 ერში ირლანდია - იტალიის მსაჯად დავინიშნე და უკვე საკუთარ თავზე, მთელი სიცხადით გამოვცადე, რას ნიშნავს იქ ყოფნა. პირველივე თამაშზე წითელი ბარათის გამოყენება მომიხდა და მე-16 წუთზე, ეკრანის წინ რომ დავდექი, უცებ, გარშემო ჩემთვის ყველაფერი გაჩერდა და მერე შემახსენეს, გადაწყვეტილება გაქვს მისაღებიო, აზრზე მომიყვანეს.

წლების წინ, რაც ოცნება იყო, ის უკვე მიზნად და სამუშაო ნორმად იქცა. არ უნდა დავაგდო ის სტანდარტი, რაც დავაწესე. ამასთან, მინდა ახალგაზრდა ქართველ მსაჯებს გზის გაკვალვაში დავეხმარო, მეტი ცოდნა მივცე.
თუმცა, მაინც, რაგბიმ რაც მომცა, იმას უკან ვერასდროს დავუბრუნებ.
6 ერი
6 ერი სრულიად განსაკუთრებული, ჭეშმარიტად სარაგბო მოვლენაა. თუ ვინმეს სურს, საბოლოოდ „მოიწამლოს“ რაგბით, 6 ერს უნდა დაესწროს.
უნდა წახვიდე კარდიფში და თამაშამდე იქაურ პაბებში დათვრე. უნდა წახვიდე ინგლისში, „ალიანსზე“ და როცა ინგლისელები თამაშს ატრიალებენ, 83-ათასიანი სტადიონის გუგუნი მოისმინო. უნდა წახვიდე დუბლინში, ირლანდიურ მარადმწვანე გარემოში, ფიქი ბლაინდერსის Irish cap-ი დაიხურო და უგულშემატკივრო ირლანდიელთა შეძახილს. უნდა წახვიდე და შეიგრძნო რომის სიდიადე, იტალიური კულტურა და ფრანგული ვნება - პარიზში.
რაგბის მთელი სილამაზე 6 ერში ჩანს.

6 ერზე გუნდები საომრად გამოდიან. ეს არის ნამდვილი ბრძოლა. თითქოს გარშემო არავინ სუნთქავს, იმდენად მოჭიმულია მოედანზე ყველა და ყველაფერი. მეც, როგორც მსაჯი, დანის პირზე დავდივარ. ჩემმა ერთმა შეცდომამ, ერთმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უდიდესი რეზონანსი გამოიწვიოს. სწორედ, ესაა დიდი სპორტი - ყველა ბეწვის ხიდზე გადის. ეს უყვარს მაყურებელს და ეს ახასიათებს 6 ერს.
ოცნება 6 ერზე
სხვა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვასთან ერთად, ჩვენთვის სანუკვარ ოცნებად იქცა 6 ერში გაწევრიანება. ჩვენი 6 ერი უნდა დაიწყოს არა მოედნიდან, არამედ ადამიანების გონებიდან და მენტალიტეტიდან.
ქართველებმა სხვანაირად უნდა შეხედონ რაგბის, ცოტა მეტად უნდა დაიწყონ რაგბით ცხოვრება, ტკბობა და მიხვდნენ, რომ რაგბი არის არამხოლოდ სპორტი, არამედ, მისით ცხოვრება მოედანს მიღმა. ეს არის 365 დღიანი ცხოვრების სტილი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ სპორტის ამ სახეობის უფრო სწორად დანახვა - რას ემსახურება სტილობრივად რაგბი მოედანზე და სადაა მისი გასაღები. ძალიან რთული და ჩახვეული სპორტია, მაგრამ მათემატიკასავითაა - ერთი თუ გაიგე ფუძე და ფუნდამენტი, მერე წარმოუდგენლად სასიამოვნო და ვნებიანი ხდება. აღარ გგონია, რომ მოედანზე ზედახორაა და ზუსტად იცი, ვინ ვის რატომ ეჯახება.

რამდენად ვართ ახლა მზად, რომ როცა ჩამოვლენ ინგლისი, საფრანგეთი, 60-ათასიანი სტადიონი გავავსოთ? არ დაგვენანოს ბილეთში გადახდილი ფული და ის ზეიმი მოვაწყოთ, რასაც 6 ერი ატარებს? რამდენადაა ამ ყველაფრისთვის ეკონომიკურად მზად ქვეყანა? რამდენად ულხინთ ადამიანებს საიმისოდ, რომ ბილეთში, მაგალითად, ორასი ფუნტი გადაიხადონ? ეს ყველაფერი ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. როცა ამ ყველაფერს გავითავისებთ, სწორედ, მაშინ ვიქნებით მზად, მივიღოთ ისეთი დიადი მასშტაბის ტურნირი, როგორიცაა 6 ერი.
ვფიქრობ, ქართველები 6 ერს ცოტა არ იყოს, საფეხბურთო ჭრილიდან ვაფასებთ. რაგბიში სხვანაირად უყურებენ დიდი გუნდების დაქვეითებას. მაგალითად, უელსი ან ინგლისი თუ დაბალ ლიგაში დაქვეითდება, მათი ფინანსური მოდელი მთლიანად ჩამოიშლება, რადგან მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ამ კავშირებზე დგას.
უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი ახალგაზრდები, ასაკობრივი ნაკრებები უკვე უმაღლესი დონის გუნდებთან თამაშობენ 6 ერის ფესტივალზე.
როცა 17 წლის ხარ და უკვე ისეთ გუნდებთან გაქვს ნათამაშები, როგორებიც ინგლისი და ირლანდია არიან, ეს შენს ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის, რადგან ელიტარული რაგბის ნაწილი ხდები და „ხმაურიანი“ მეტოქეები უკვე აღარ გაშინებენ. სარაგბო სამყაროც ხედავს, რომ ქვეყანა სწორ გზაზე და ტიერ 1-სკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
მე მჯერა, რომ ბორჯღალოსნები 6 ერზე მოხვდებიან და ისინი ყველაფერს მისცემენ ამ ტურნირს, აბსოლუტურად ყველაფერს დადებენ მოედანზე, რადგან ესაა მათი მოტო, მათი კანონი და სულისკვეთება.
რაგბის პოეტიკა
რაგბი ჩემთვის ჰარი პოტერისა და რონ უისლის ჯადოსნური ჭადრაკის პარტიაა, სადაც ფიგურები ერთმანეთს ლეწავენ. ეს ხდება რაგბის თამაშისას - უაღრესად ჭკვიანური, ტაქტიკური ბრძოლა ფიზიკური ძალის გამოყენებით - არ დავლეწოთ, მაგრამ დავჯაბნოთ.
მოედანზე ვერ დაიმალები. უკანდახევის უფლება არ გაქვს. რაგბის მოედანზე თუ იმალები, ესეიგი, იქ შენი ადგილი არაა. ინგლისელებს ერთი ასეთი გამოთქმა აქვთ - Put your body on the Line, ანუ დადე შენი სხეული წინ, ფრონტის წინა ხაზზე.
14-15 წლის რომ ვიყავი, მაშინ 6 ერის პირდაპირი ტრანსლაციები არ გვქონდა და შესაბამისად, თამაშებს ლაივში ვერ ვუყურებდით. მეორე დღეს, შევდიოდი იუთუბზე და 5-10 წუთში ერთხელ ვარეფრეშებდი, რომ იქნებ ვინმეს თამაშის ჩანაწერი ან მიმოხილვა აეტვირთა. ვუყურებდი დაუსრულებლად და ის მუსიკა, რაც მაშინ იმ ვიდეოებს ედო, დღესაც ჩემს ფლეილისტშია და დღემდე იმ ემოციებში მაბრუნებს.
ედი ჯონსის ფავორიტი მსაჯი
ლეგენდარულმა ედი ჯონსმა, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და თბილისს ნოემბერში, იაპონიის ნაკრებთან ერთად ეწვევა, თებერვალში, ინგლისისა და საფრანგეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ნიკაზე ასეთი რამ თქვა: „არც ერთი მსაჯის შესრულება არ არის სრულყოფილი, თუმცა, ამ მომენტში, ის საუკეთესოა“.

ნიკამ ამ ამბის გაგრძელება გაიხსსენა:
„ეს არავისთვის მომიყოლია და ახლა გეტყვით. მაგ თამაშის შემდეგ, ედი ჯონსი სასტუმროს ლიფტში შემხვდა და ეს სიტყვები უკვე პირისპირ მითხრა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი თამაში იყო და ასეთი შეფასება მესიამოვნა. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, არ ვთვლი, რომ საუკეთესო მე ვარ. ჯერ 30 წლის ვარ, მუდმივად სწავლის პროცესში, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ყოველთვის ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ; დახარე თავი და იშრომე."
„მსაჯის ცხოვრება რთულია. თუ მორაგბე მაგარ ბოჭვას გააკეთებს, ხაზს გაჭრის, კარგ ლელოს დადებს, მთელი მეინსტრიმი აქებს და ადიდებს. მსაჯი კი, ძალიან მაგარ თამაშს რომ ჩაატარებს, ჯილდო ისაა, მასზე არავინ რომ არ ისაუბრებს. შენ ხარ თამაშის მსახური - Servant of the Game.“
ავტორი: ეკა ელოშივილი
ფოტო: თორნიკე შენგელია